„ქალის როლი საქართველოში დიასახლისობა, მზარეულობა, ბავშვების მოვლა და სახლის საქმეების კეთებაა“ _ ასე მითხრა ყველა კაცმა და ქალმა, რომლებსაც სოფელ ზემო მაჩხაანში შევხვდი. სოფელი დედაქალაქ თბილისიდან 120 კილომეტრის დაშორებით, კახეთის რეგიონში, ქალაქ სიღნაღთან ახლოს, მთიან ზონაში მდებარეობს და მისი მოსახლეობა სამი ათასზე ოდნავ ნაკლებია.
მთებში ორი საათის მგზავრობის შემდეგ, სოფელ ზემო მაჩხაანში ჩავედით, სადაც რამდენიმე დღე ადგილობრივი მაცხოვრებლის ოჯახში გავატარეთ. ავტობუსის კარის გახსნისთანავე მოგვესალმა დაახლოებით 45 წლის მამაკაცი, სახელად ზაქარია, რომელიც მოკლე მისალმების შემდეგ ისე თბილად ჩაგვეხუტა, ისე, თითქოს ერთმანეთს მთელი ცხოვრება ვიცნობდით და ჩვენი ნივთების გადმოტვირთვა დაიწყო.
ზაქარიამ სახლში ტვირთების გადასაზიდი მიკროავტობუსით წაგვიყვანა. დაგვათვალიერებინა მიდამო, ვნახეთ V საუკუნეში აშენებული რამდენიმე ეკლესია, ასევე კულტურის სახლი და მაღაზიები, რომლებიც გზისპირას მდებარეობს. მიკროავტობუსმა რამდენიმე ასეულ მეტრში უასფალტო გზაზე შეუხვია და ერთ-ერთი სახლის წინ გაჩერდა, რომლის კარიც ღია იყო. აქ დაგვხვდა ნარგიზი, ზაქარიას ცოლი, გოგა, მათი შუათანა ვაჟი და დისშვილი მარიანა, რომელიც არდადეგებზე ბორჯომიდან ჩამოვიდა (დიახ, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ცნობილი სამკურნალო წყალი მოდის).
ნარგიზი აღელვებული და ამავე დროს გულწრფელი ღიმილით ჩაგვეხუტა, ისე, როგორც დიდი ხნის მონატრებულ ძველ მეგობრებს და გატეხილი რუსულით გვკითხა:
_ „Вы не устали? Вы голодные? Пойдёмте, я вам покажу ваши комнаты“ / არ დაიღალეთ? ხომ არ გშიათ? წამოდით, თქვენს ოთახებს გაჩვენებთ. _ შეიძლება ბარგი ასე დავაწყოთ?
და წაგვიყვანა სახლის დასათვალიერებლად, რის შემდეგაც სუფრა გაგვიშალეს.
სტუმარს ქართველების სახლში უფრო უკეთ ეპყრობიან, ვიდრე ოჯახის წევრს, მას სთავაზობენ ყველაფერს საუკეთესოს, ხოლო სუფრა სავსე უნდა იყოს ყველაფრით და ასევე მნიშვნელოვანია სუფრაზე ადამიანთა სიმრავლეც. მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს _ ყველას ეპატიჟებიან, ყველასთვის იძებნება ადგილი, და თითოეულ შევსებულ სასმისთან ერთად, ტრადიციის შესაბამისად, წარმოთქვამენ სადღეგრძელოებს. პირველ სიტყვას სახლის მეპატრონე ამბობს, ანუ მამაკაცი, რომელსაც „თამადას“ უწოდებენ. პირველი სადღეგრძელო და მომდევნოებიც, რა თქმა უნდა, ქალების იყო და ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ ჩვენ, სტუმრები სოფელში მცხოვრები ქალების შესახებ მასალის გადასაღებად ჩამოვედით. განსაკუთრებული როლი, რომელიც საქართველოში ენიჭება ქალს, საწყისს ისტორიიდან იღებს, ეს მეფე თამარის დამსახურებაა, პირველი ქალისა, რომელიც საქართველოს მმართველი იყო. ამავდროულად ქალების, პატივისცემას განსაზღვრავს დედის სიმბოლოც _ ქართლის დედა, რომლის მონუმენტიც თბილისში დგას. ესაა ქალის ფიგურა, რომელსაც მარცხენა ხელში ღვინით სავსე ფიალა უჭირავს, რათა შეეგებოს მეგობრად მოსულ სტუმრებს, ხოლო მარჯვენაში ხმალი, მათთვის ვინც მტრად არის მოსული.
სადღეგრძელოებამდე ცოტა რამ უნდა გიამბოთ ზაქარიას და ნარგიზის ცხოვრების შესახებ. ისინი ამ სოფელში დაიბადნენ და ერთად სწავლობდნენ სოფლის სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ზაქარია გაემგზავრა სამხედრო სამსახურში – ჯარში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო საინჟინრო ფაკულტეტზე. ნარგიზიც თბილისში წავიდა, სადაც 6 წლის განმავლობაში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, პროფესიით ის საბავშვო ბაღის მასწავლებელია. სოფელში დაბრუნების შემდეგ ზაქარიამ მას ცოლობა სთხოვა (თვითონ ამბობს, რომ პირიქით იყო, ნარგიზმა სთხოვა, ცოლად მოეყვანა), რადგან ნარგიზს ჯერ კიდევ სკოლიდან მოსწონდა ზაქარია, რომელიც კარგად მღეროდა, უკრავდა გიტარაზე, ძალიან კარგად ცეკვავდა და მოზარდობიდან დაიპყრო ნარგიზის გული. ზაქარია მისი პირველი სიყვარული იყო.
ძველი ტრადიციის მიხედვით, რომელსაც განსაკუთრებით იცავენ სოფლებში, ქალს არ აქვს თავისუფლება თავად აირჩიოს ქმარი; ნარგიზის თქმით, ისინი ურთიერთსიყვარულით დაქორწინდნენ. ზოგიერთ მთიან სოფელში ჯერ კიდევ არსებობს შემთხვევები, როდესაც გოგოებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ მამები მათი თანხმობის წინააღმდეგ, რითაც ართმევენ არჩევნის და განათლების უფლებას, ნარგიზი ამბობს, რომ ბოლო დროს ასეთი შემთხვევები სულ უფრო ნაკლებად ხდება.
ნარგიზი განათლებით საბავშვო ბაღის მასწავლებელია, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია, რადგან გათხოვების შემდეგ მალევე დაორსულდა, საჭირო გახდა ბავშვის აღზრდა. მალევე დაიბადა მეორე ბავშვიც, ტრადიციის მიხედვით და მისივე სურვილით მას წილად ხვდა დიასახლისობა და ბავშვების მოვლა. ნარგიზს არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ვერ მოახერხა სამსახურის დაწყება, ბედნიერია იმით, რომ შეუძლია იყოს შვილების გვერდით და დედობრივი სიყვარული არ მოაკლოს მათ.
მიუხედავად იმისა, რომ ნარგიზმა დედაქალაქში 6 წელი იცხოვრა, ამბობს, რომ მშობლიურ სოფელში კარგად ცხოვრობს და არ გრძნობს განსხვავებას ქალაქური ცხოვრებისგან. პირიქით, სოფელში მეტი სიმშვიდეა, დიასახლისის მოვალეობები მას არ ღლის, რადგან ქმარი უზრუნველყოფს ყველანაირი საოჯახო ტექნიკით, რომელსაც ქალაქის მაცხოვრებელი ქალები იყენებენ. ძალიან იღბლიანად და ბედნიერად გრძნობს ქმრის გვერდით და ამბობს, რომ თავის ვაჟებსაც უსურვებს ჰქონდეთ ცოლებთან ასეთივე სიყვარული, როგორც მას და ზაქარიას აქვთ.
_ ვინ არის მთავარი ოჯახში?
_ მე, _ პასუხობს ზაქარია სიცილით.
_ რატომ?
_ რადგან მამაკაცი ვარ.
_ ორივე ერთად არ ღებულობთ ხოლმე გადაწყვეტილებებს სახლში?
_ რა თქმა უნდა, ორივე. ჩვენთან არსებობს თანასწორობა, მაგრამ საქართველოში ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, აქ მამაკაცია ოჯახის თავი. ქალის და მამაკაცის როლი განსაზღვრული უნდა იყოს. ჩვენ იმდენად პატივს ვცემთ ერთმანეთს, რომ არ ვკამათობთ იმის შესახებ, თუ ვინ არის მთავარი ოჯახში.
ზაქარია შეეცადა აეხსნა თავისებურებანი და განსხვავებები, რომელიც არსებობს საქართველოში წყვილების ურთიერთობებში.
ოჯახში ყველა მნიშვნელოვანი და თანასწორია: ქმარი, ცოლი და ბავშვები, _ განმარტავს ნარგიზი. ქალს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან მამაკაცები, რადგან ისინი დედები არიან, ხოლო დედებს დიდ პატივს სცემენ ქართულ საზოგადოებაში.
_ ასე ვართ ჩვენ, ქართველები, ეს არის კავკასიური ქვეყნების სპეციფიკა, და ჩვენ ეს მოგვწონს, _ მხარს უჭერს ქმარს ნარგიზი.
ოჯახში როლებს ორივე მეუღლე ინაწილებს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია შრომის განაწილებაზე. ზაქარია, სანამ ძალ-ღონე ექნება, არ მისცემს ცოლს მძიმე სამუშაოს შესრულების უფლებას და ის აკეთებს ყველა საქმეს, რომელიც ჩვეულებრივად მამაკაცის გასაკეთებელია. მაგალითად, მეორე დღეს ბალახი იყო გასათიბი სახლის უკან. ზაქარიამ გაამზადა ელექტრო ცელი და წავიდა სამუშაოდ, ცოლიც მალევე გაყვა ბაღში და მორწყა რამოდენიმე ახალდარგული ხე.
_ ამ შემთხვევაში ჩემი საქმე არის ხეების მორწყვა, ხოლო ბალახის თიბვა კაცის საქმეა, _ განმარტავს ნარგიზი.
_ მე ვერ მივცემ უფლებას ცოლს, რომ თიბოს ელექტრო ცელით, რადგან საშიშია. საქმე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქალს, მამაკაცმა უნდა გააკეთოს. ქალებს საქმე აქვთ შინ, სახლში, ხოლო მამაკაცებს გარეთ, ამაში გამოიხატება თანასწორობა. აბა, ქალი ხომ არ იმუშავებს სახლშიც და გარეთაც?! _ ხუმრობს ზაქარია.
ოჯახში სქესის მიხედვით როლების ამგვარი განსაზღვრა მოცემულობად ითვლება, რომელიც ისტორიას, ტრადიციას და რელიგიას ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორ ესმით გენდერული თანასწორობა სოფელში, გეტყვით, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ არის ის, ვინც ზრუნავს თავის ცოლზე. ზაქარიას და ნარგიზის ოჯახში, ქმარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ცოლს ჰქონდეს ყველანაირი საოჯახო ტექნიკა შრომის გასაადვილებლად, მაგალითად, სარეცხი მანქანა ან სამზარეულოს მოწყობილობები.
ქალი საქართველოში ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს სამზარეულოში ატარებს, რადგან ყოველ დღე უწევს საჭმელის მომზადება ოჯახისთვის, ხოლო მაშინ, როდესაც მოდიან სტუმრები და მენიუ უფრო მრავალფეროვანია, სამზარეულოში დასახმარებლად მოდიან მეზობლები, ნათესავები და მეგობრები. სუფრის გამზადებასაც აქვს გარკვეული წესები გენდერის მიხედვით. ქალები ამზადებენ საჭმელს და შლიან სუფრას, ხოლო მამაკაცები ზრუნავენ სასმელის მოტანაზე (როგორც წესი ღვინის) და საუბრით ართობენ სტუმრებს. თუ მენიუში გათვალისწინებულია მწვადი, მას მხოლოდ მამაკაცები ამზადებენ.
_ ქალებმა არ იციან ხორცის მომზადება, _ ამბობს ზაქარია.
ევროპელებისთვის ცხადია, მსგავსი აფირმაცია აღიქმება დისკრიმინაციად გენდერის საფუძველზე, მაგრამ ასე არ არის კავკასიის ქვეყნებში, სადაც ქალები თვითონ ამზადებენ საჭმელს სახლში და არ სადილობენ რესტორანში. ზაქარიას და განმარტავს, რომ მამაკაცები ყოველთვის უკეთესი მზარეულები არიან, ამიტომ იშვიათია, რომ რესტორნებსა და კაფეებში ქალები მუშაობდნენ მზარეულებად, განსაკუთრებით მაშინ, თუკი რესტორანში მწვადიც მზადდება. ამავდროულად, მამაკაცებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ქალებს საჭმლის მომზადებისას, მაგალითად ზაქარია ოსტატურად ახვევს ხინკალს (ტრადიციული საჭმელი ცომში გახვეული გატარებული ხორცით) და ამაყობს იმით, რომ ეხერხება საჭმლის კეთება.
ქალთა თავისუფლებას ზოგან თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციები აკნინებს. ნარგიზის მეზობელი 75 წლის ასაკს გადაცილებული ქალი ამბობს, რომ ქალი უნდა იყოს დიასახლისი, უნდა იზრუნოს ქმარსა და შვილებზე. მაგალითად, განათლების მიღება და ოცნებების მიღწევა არ უნდა იყოს ქალის პრიორიტეტების სიაში, რადგან მისი დანიშნულება სხვაა; თუკი რომელიმე ოჯახში ქალი დაჟინებით ითხოვს, წავიდეს, იმუშაოს და განვითარდეს პროფესიული კუთხით, ამან ჩხუბი და შესაძლოა, განქორწინებაც გამოიწვიოს. თუმცა, ამასთან ერთად, ოჯახურ ურთიერთობებში არსებობს სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთდახმარება.
მიუხედავად იმ ვალდებულებებისა, რომლებიც აქვთ სოფლად მცხოვრებ ქალებს, ისინი მაინც ახერხებენ მოძებნონ თავისუფალი დრო, რომელსაც, როგორც წესი, ბავშვებთან და მეზობელ ქალებთან ერთად ატარებენ. მას შემდეგ, რაც საუზმეს მოამზადებს, ნარგიზი თავისუფალ დროს ყავას სვამს მეზობელ ქალებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან მისი მეგობრებიც, ან ისევ მათთან ერთად მიდის სოფლის სპორტულ დარბაზში. ქალების თავისუფალ დრო და გართობა მრავალფეროვანი არ არის, მაგრამ მაინც ახერხებენ კარგი დროს გატარებას _ უყურებენ ტელევიზორს, უსმენენ მუსიკას ან ქსოვენ. ვინაიდან საჭმლის კეთება საკმაოდ დიდ დროს იკავებს ქალების ცხოვრებაში, სოფელში მცხოვრები ქალები ცდილობენ დაიტოვონ თავისუფალი დროც და სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლისთვის საჭმლის მომზადებაც მოასწრონ.
ნარგიზის უფროსი ვაჟი, გოგა, უნივერსიტეტის სტუდენტია და ძალიან ოპტიმისტურად უყურებს საქართველოში გენდერულ თანასწორობას. ის თვლის, რომ ქვეყნის პროევროპულმა განვითარებამ და სქესის მიხედვით დისკრიმინაციის შემცირებამ უკვე გამოიღო თავისი ნაყოფი, რადგან უფრო და უფრო მეტი ქალი ითავსებს სახელმწიფოში მნიშვნელოვან ფუნქციებს, ეწყობათ ხელი, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მამაკაცის აზრით, ქალის ადგილი სამზარეულოშია, ცვლილებებისა და რეფორმების წყალობით, ახალ თაობაში გენდერული თანასწორობის პრობლემა აღარ იქნება ასეთი მძაფრი, რადგან ახალგაზრდების ხედვა ბევრად განსხვავდება წინა თაობის ხედვისაგან, ხოლო ტრადიციების მიერ დადგენილი შეზღუდვის წესები ქრება. მის ოჯახში ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ და მხარს უჭერენ, სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა ის, რომ გოგას და მის ძმებს თავისუფალი აზროვნება ჩამოუყალიბდათ.
ბოლოს, როგორ შეიძლება ვუპასუხოთ კითხვას, დაცულია თუ არა ქალის უფლებები საქართველოს სოფლებში? კითხვაზე, რომელიც სხვადასხვა ასაკის მამაკაცებს და ქალებს დავუსვით, პასუხი ყოველთვის დადებითი იყო. ქალებს და მამაკაცებს აქვთ თანასწორი უფლებები, მაგრამ არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც, რომლებიც ტრადიციებიდან გამომდინარე უნდა იყოს დაცული. ქალმა და მამაკაცმა იციან საკუთარი როლი, განსაკუთრებით ქალებმა და ამას ღებულობენ.
_ მე ძალიან კარგად ვცხოვრობ სოფელში. ვზრუნავ ჩემ ქმარსა და შვილებზე, ხოლო ის, თავის მხრივ, ზრუნავს ჩვენზე. ბედნიერები ვართ ერთად და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.
ბოლოს ნარგიზს უნდოდა ხაზი გაესვა იმისათვის, რომ სიყვარული მთავარი იდეაა, რომელიც განსაზღვრავს მისი, როგორც სოფლის მაცხოვრებელი ქალის ცხოვრებას.
საქართველოში სოფლად დასაქმების მთავარი სფერო სოფლის მეურნეობაა. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალების ანაზღაურება კი 35%-ით ნაკლებია მამაკაცების ანაზღაურებაზე.
როგორც წესი, მამაკაცები იკავებენ უფრო მნიშვნელოვან პოზიციებს, ვიდრე ქალები.
ქალები ძირითადად ითვლებიან დიასახლისებად და ბავშვების მომვლელებად, ეს არის მათი მოვალეობა ოჯახში და ეს არანაზღაურებადი სამუშაოა;
გენდერის მიხედვით შრომის განაწილების გამო, ქალებს შეზღუდული წვდომა აქვთ ტრენინგებსა და გრანტებზე, რაც მათ მისცემდა პროფესიული თვითრეალიზების მეტ საშუალებას.